მეორადი ავტომობილის შეძენისას მხოლოდ ვიზუალური მდგომარეობა სრულ სურათს არ გვაჩვენებს. შესაძლოა, მანქანა გარედან იდეალურად გამოიყურებოდეს, თმცა სინამდვილეში ჰქონდეს ავარიის დაზიანებები, წყალში მოხვედრის ისტორია, გარბენის შეუსაბამობა ან სადაზღვევო შემთხვევები. სწორედ ამიტომ, VIN კოდის შემოწმება და ავტომობილის ისტორიის დეტალური გადამოწმება დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება ავტომობილის ყიდვამდე.

რატომ გახდა VIN კოდის და ავტომობილის ისტორიის შემოწმება მნიშვნელოვანი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მეორადი ავტომობილების ბაზარი მნიშვნელოვნად შეიცვალა. დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს მანქანებს ონლაინ, ავტომობილები შემოჰყავთ ამერიკული აუქციონებიდან და გადაწყვეტილებას ონლაინ განცხადებებზე დაყრდნობით იღებენ, მანქანის ადგილზე ნახვის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ეს მყიდველებს უფრო ფართო არჩევანსა და უკეთეს ფასებზე წვდომას აძლევს, გაიზარდა ისეთი ავტომობილის შეძენის რისკიც, რომელსაც ფარული პრობლემები შეიძლება აღმოაჩნდეს.

შესაძლოა, ავტომობილი ფოტოებში იდეალურად გამოიყურებოდეს, თუმცა რეალურად ჰქონდეს სერიოზული ავარიის ისტორია, წყალში მოხვედრის დაზიანება, შეცვლილი გარბენი ან Salvage სტატუსი, რაც გავლენას ახდენს როგორც უსაფრთხოებაზე, ისე მის შემდგომ გაყიდვით ღირებულებაზე. ხშირ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიის მიერ ჩამოწერილი ავტომობილები და მასშტაბური შეკეთებები ერთი შეხედვით არ ჩანს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მანქანა პროფესიონალურადაა აღდგენილი გასაყიდად.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ამერიკული აუქციონებიდან ავტომობილის ყიდვისას, როგორიცაა Copart და IAAI, სადაც ბევრი მანქანა სადაზღვევო შემთხვევებიდან ხვდება აუქციონზე. თუ მყიდველი VIN კოდს არ გადაამოწმებს და ავტომობილის ისტორიას არ შეისწავლის, შესაძლოა ვერ გაიგოს, რეალურად რა დაზიანებებისა თუ სერვისებოს ისტორია ჰქონდა ამ მანქანას გაყიდვამდე.

რას გვიჩვენებს რეალურად VIN კოდი

VIN (Vehicle Identification Number) უნიკალური 17-ნიშნა კოდია, რომელიც თითოეულ ავტომობილს წარმოების დროს ენიჭება. თითის ანაბეჭდის მსგავსად, ორი ერთნაირი VIN კოდი არ არსებობს. ეს კოდი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ავტომობილის შესახებ, მათ შორის მწარმოებელს, წარმოების ქვეყანას, ძრავის ტიპს, მოდელის წელს, ქარხნულ კომპლექტაციას და სხვა დეტალებს.

თუმცა, VIN კოდის ფუნქცია მხოლოდ ავტომობილის იდენტიფიკაციით არ შემოიფარგლება. დროთა განმავლობაში ის უკავშირდება სხვადასხვა ბაზასა და ანგარიშგების სისტემას, რომლებიც ავტომობილის ისტორიას მისი გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში აკონტროლებს. რეგისტრაციები, ავარიები, სადაზღვევო შემთხვევები და მფლობელის ცვლილებები – ყველა ეს ინფორმაცია შესაძლოა VIN კოდთან იყოს დაკავშირებული.

ავტომობილის ისტორიის პლატფორმები მონაცემებს სხვადასხვა წყაროდან აგროვებენ, მათ შორის:

  • სადაზღვევო კომპანიებიდან
  • DMV-სა და სახელმწიფო რეგისტრაციის ბაზებიდან
  • ავტო აუქციონებიდან
  • სერვის ცენტრებიდან და ავტოშეკეთების ობიექტებიდან
  • პოლიციისა და მოპარული ავტომობილების ბაზებიდან
  • მწარმოებლის მონაცემთა სისტემებიდან
  • ტექნიკური ინსპექტირებისა და ემისიის ჩანაწერებიდან

სწორედ ამიტომ, VIN კოდის შემოწმებით შესაძლებელია ისეთი მნიშვნელოვანი დეტალების აღმოჩენა, რომლებიც ფოტოებში ან გამყიდველის აღწერაში საერთოდ არ ჩანს. მყიდველს შეუძლია გაიგოს, ჰქონდა თუ არა ავტომობილს ავარია, გამოცხადდა თუ არა სრული დანაკარგად სადაზღვევო კომპანიის მიერ, იყო თუ არა მოპარული, დაზიანდა თუ არა წყლით ან შეიცვალა თუ არა მისი გარბენი.

იმპორტირებული ავტომობილების შემთხვევაში, განსაკუთრებით ამერიკული აუქციონებიდან შეძენისას, VIN კოდი ხშირად მთავარი საშუალებაა იმის გადასამოწმებლად, შეესაბამება თუ არა ავტომობილის რეალური ისტორია იმ ინფორმაციას, რომლითაც ის იყიდება.

რა რისკებს ვერ ამჩნევენ მყიდველები VIN კოდის შემოწმების გარეშე

VIN კოდის გადამოწმების გარეშე მყიდველებმა შეიძლება სერიოზული პრობლემები ვერ შეამჩნიონ, რადგან ბევრი მათგანი ფოტოებში ან სტანდარტულ განცხადებებში საერთოდ არ ჩანს. ყველაზე გავრცელებული რისკებია:

  • წყლით დაზიანება – ქარიშხლის ან დატბორვის შედეგად დაზიანებულ ავტომობილებს მომავალში შესაძლოა ელექტროობის, კოროზიის ან ძრავის პრობლემები განუვითარდეთ.
  • სტრუქტურული ან ჩარჩოს დაზიანება – ვიზუალურად აღდგენილი მანქანა შესაძლოა მაინც ინარჩუნებდეს სერიოზულ ავარიულ დაზიანებებს, რაც უსაფრთხოებაზე მოქმედებს.
  • აირბაგების გახსნის ისტორია – ავარიის შემდეგ ზოგიერთი ავტომობილი არასრულფასოვნად აღდგენილი აირბაგებით იყიდება.
  • გარბენის შეცვლა – შესაძლებელია გარბენი ხელოვნურად შემცირებული იყოს, და სინამდვილეში უფრო მეტი ჰქონდეს ავტომობილს გავლილი.
  • Salvage ან Rebuilt სტატუსი – ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი ერთ დროს სადაზღვევო კომპანიის მიერ სრულ დანაკარგად იყო გამოცხადებული.
  • მოპარვის ისტორია – VIN ანგარიშში შეიძლება გამოჩნდეს, იყო თუ არა ავტომობილი ოდესმე მოპარული.
  • აუქციონზე მრავალჯერადი გამოჩენა – ერთსა და იმავე მანქანის რამდენჯერმე დაბრუნება აუქციონზე ხშირად მექანიკურ ან სხვა პრობლემებზე მიუთითებს.
  • Lemon ან Buyback ისტორია – ზოგი ავტომობილი მწარმოებელს განმეორებადი ტექნიკური პრობლემების გამო დაუბრუნდა.

ამერიკული აუქციონებიდან იმპორტირებული ავტომობილების შემთხვევაში, VIN კოდის შემოწმება ხშირად ერთადერთი სანდო გზაა იმის გასარკვევად, თუ რა ისტორია აქვს რეალურად მანქანას მის შეძენამდე.

რა ხდის VIN კოდის შესამოწმებელ საიტს სანდოს?

ყველა VIN შემოწმების პლატფორმა ერთნაირი ხარისხის ინფორმაციას არ გვაწვდის. ზოგი საიტი ავტომობილის ისტორიას დეტალურად აჩვენებს და მონაცემებს სადაზღვევო კომპანიებიდან, DMV-ს ბაზებიდან, აუქციონებიდან, სერვის ცენტრებიდან და მწარმოებლების სისტემებიდან აგროვებს, მაშინ როცა სხვები მხოლოდ ძალიან შეზღუდულ ინფორმაციას გვთავაზობენ.

ბევრი უფასო VIN შემოწმების ხელსაწყო მხოლოდ საბაზისო დეტალებს აჩვენებს, როგორიცაა ავტომობილის მახასიათებლები, Recall-ები ან Title სტატუსი, თუმცა ხშირად არ მოიცავს ავარიის ისტორიას, აუქციონის ფოტოებს, წყლით დაზიანების ჩანაწერებს ან გარბენის შეუსაბამობებს.

სანდო VIN შემოწმების პლატფორმა უნდა უზრუნველყოფდეს:

  • რამდენიმე სანდო მონაცემთა ბაზაზე წვდომას
  • ზუსტ და რეგულარულად განახლებად ინფორმაციას
  • ავარიებისა და Title ისტორიის დეტალურ მონაცემებს
  • გარბენისა და მფლობელების ისტორიის მონიტორინგს
  • აუქციონისა და დაზიანებების ისტორიას, თუ ხელმისაწვდომია
  • გამჭვირვალე და მარტივად აღსაქმელ ანგარიშს

რადგან არც ერთ პლატფორმას არ აქვს წვდომა ყველა მონაცემთა ბაზაზე, ბევრი მყიდველი ავტომობილის შეძენამდე რამდენიმე სხვადასხვა სერვისის ანგარიშს ადარებს.

მონაცემთა ბაზები და ინფორმაციის წყაროები

VIN ანგარიშის ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენ მონაცემთა ბაზაზე აქვს პლატფორმას წვდომა. სხვადასხვა VIN შემოწმების საიტი ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან იღებს, რის გამოც ერთი და იგივე ავტომობილის ანგარიში შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.

ყველაზე სანდო პლატფორმები ჩვეულებრივ ინფორმაციას აგროვებენ:

  • სადაზღვევო ბაზებიდან
  • DMV-სა და Title რეგისტრაციის სისტემებიდან
  • ავტო აუქციონებიდან
  • სერვის ცენტრებიდან და რემონტის ობიექტებიდან
  • პოლიციისა და მოპარული ავტომობილების ბაზებიდან
  • მწარმოებლების Recall სისტემებიდან

მაგალითად, ერთ პლატფორმაზე შეიძლება ჩანდეს სადაზღვევო შემთხვევებთან დაკავშირებული ავარიის ისტორია, ხოლო მეორემ დამატებით აჩვენოს აუქციონის ფოტოები ან მოპარვის ჩანაწერები, რომლებიც სხვა ანგარიშში საერთოდ არ ჩანს.

ზოგადად, რაც უფრო ფართო მონაცემთა ბაზებზე აქვს წვდომა პლატფორმას, მით უფრო სრულ და ზუსტ ინფორმაციას აწვდის ის მყიდველს ავტომობილის რეალური მდგომარეობის შესახებ.

ანგარიშის სიზუსტე და განახლების სიხშირე

VIN ანგარიში მხოლოდ მაშინ არის ღირებული, თუ ინფორმაცია ზუსტი და განახლებულია. ზოგი პლატფორმა მონაცემებს ყოველდღიურად ანახლებს, სხვებს კი ახალი ჩანაწერების დამატებას შესაძლოა კვირები ან თვეებიც დასჭირდეს.

მოძველებულმა ანგარიშებმა მყიდველებისთვის შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნას. მაგალითად, ავტომობილს შესაძლოა ცოტა ხნის წინ მიენიჭოს Salvage სტატუსი, გამოჩნდეს ახალ აუქციონზე ან მოპარულად დაფიქსირდეს ბოლო განახლების შემდეგ. თუ პლატფორმა მონაცემებს ნელა ანახლებს, ეს ინფორმაცია ანგარიშში დროულად არ აისახება.

სწორედ ამიტომ, სანდო VIN შემოწმების სერვისები ყურადღებას ამახვილებენ არა მხოლოდ ინფორმაციის რაოდენობაზე, არამედ იმაზეც, რამდენად ხშირად ანახლებენ საკუთარ მონაცემთა ბაზებს. უფრო სწრაფი განახლება, როგორც წესი, უფრო ზუსტ და სანდო ანგარიშს ნიშნავს.

უფასო VIN შემოწმება vs ფასიანი ავტომობილის ისტორიის ანგარიში

უფასო VIN შემოწმების ხელსაწყოები კარგია ავტომობილის თავდაპირველი გადამოწმებისთვის, თუმცა ისინი, როგორც წესი, შეზღუდულ ინფორმაციას გვაწვდიან. ასეთი სერვისები ძირითადად აჩვენებს ავტომობილის ტექნიკურ მონაცემებს, Recall ინფორმაციას, Title სტატუსს ან ამოწმებს, ემთხვევა თუ არა VIN კოდი ავტომობილის მოდელსა და მარკას.

თუმცა, უფრო დეტალური ისტორია ძირითადად მხოლოდ ფასიან ანგარიშებშია ხელმისაწვდომი. ასეთი ანგარიშები ხშირად მოიცავს:

  • ავარიის ისტორიას
  • სადაზღვევო შემთხვევებს
  • აუქციონის ჩანაწერებსა და ფოტოებს
  • წყლით დაზიანებისა და Salvage სტატუსის ისტორიას
  • მფლობელების ისტორიას
  • გარბენის ჩანაწერებსა და შეუსაბამობებს
  • სერვისისა და ტექნიკური მომსახურების მონაცემებს

მყიდველებისთვის, რომლებიც ავტომობილის შეძენას სერიოზულად განიხილავენ, განსაკუთრებით ამერიკული აუქციონებიდან იმპორტირებული მანქანების შემთხვევაში, ფასიანი VIN ანგარიშის ხშირად ნამდვილად ღირს დამატებითი ხარჯის გაწევა. ის ბევრად უფრო სრულ სურათს აჩვენებს ავტომობილის რეალურ მდგომარეობაზე და ამცირებს მომავალში მოულოდნელი და ძვირადღირებული პრობლემების რისკს.

Carfax – ავტომობილის ისტორიის ყველაზე ცნობილი პლატფორმა

Carfax ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ფართოდ გამოყენებული ავტომობილის ისტორიის პლატფორმაა ავტოინდუსტრიაში. ბევრი ავტოდილერი და კერძო მყიდველი სწორედ Carfax-ის ანგარიშებს იყენებს შეძენამდე ავტომობილის ისტორიის გადასამოწმებლად.

პლატფორმა ინფორმაციას აგროვებს სადაზღვევო კომპანიებიდან, DMV-ს ბაზებიდან, სერვის ცენტრებიდან, აუქციონებიდან და პოლიციის მონაცემთა სისტემებიდან. ანგარიშებში, როგორც წესი, ჩანს ავარიის ისტორია, Title ჩანაწერები, გარბენის ისტორია, მფლობელების ცვლილებები და Recall ინფორმაცია.

Carfax-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე მისი რეპუტაცია და მარტივად აღსაქმელი ანგარიშებია. თუმცა, მასაც აქვს გარკვეული შეზღუდვები. ყველა ავარია ან შეკეთება სისტემაში არ ფიქსირდება – განსაკუთრებით მაშინ, თუ დაზიანება კერძო პირთან აღდგა ან ოფიციალურად არ დოკუმენტირებულა.

სწორედ ამიტომ, გამოცდილი მყიდველები ხშირად Carfax-ის ანგარიშს სხვა VIN შემოწმების სერვისებთან ერთად ამოწმებენ, რათა ავტომობილის შესახებ უფრო სრული ინფორმაცია მიიღონ.

რას მოიცავს Carfax-ის ანგარიში

Carfax-ის ანგარიშები, როგორც წესი, ავტომობილის ისტორიის მრავალ მნიშვნელოვან დეტალს აერთიანებს, მათ შორის:

  • ავარიის ისტორიას
  • სერვისისა და ტექნიკური მომსახურების ჩანაწერებს
  • მფლობელების ისტორიას
  • გარბენის გადამოწმებას
  • Title სტატუსებს (Salvage, Rebuilt, Flood და სხვა)
  • Recall ინფორმაციას
  • რეგისტრაციის ისტორიას

Carfax-ის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ფუნქცია სერვის ისტორიის სექციაა. ზეთის შეცვლის, სერვისის და დაგეგმილი ტექნიკური მომსახურების ჩანაწერები მყიდველს ეხმარება გაარკვიოს, რამდენად მოვლილი იყო ავტომობილი წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სერვის ისტორია უპრობლემო მანქანის გარანტიას არ იძლევა, თანმიმდევრული ჩანაწერები ხშირად პასუხისმგებლიან მფლობელობასა და უკეთეს მოვლაზე მიუთითებს.

Carfax-ის ძლიერი მხარეები

მთავარი მიზეზები, რის გამოც მყიდველები და დილერები ენდობიან Carfax-ს:

  • ფართო მონაცემთა ბაზა – Carfax ინფორმაციას ათასობით წყაროდან აგროვებს, მათ შორის სადაზღვევო კომპანიებიდან, DMV-ს სისტემებიდან, დილერებიდან, აუქციონებიდან და სერვის ცენტრებიდან.
  • მარტივად აღსაქმელი ანგარიშები – პლატფორმა ინფორმაციას ორგანიზებულ და გასაგებ ფორმატში აჩვენებს.
  • ძლიერი სადილერო მხარდაჭერა – ბევრი ავტოდილერი Carfax-ის ანგარიშს თავადვე სთავაზობს მყიდველს ნდობის გასაზრდელად.
  • დეტალური სერვის ისტორია – ტექნიკური მომსახურების ჩანაწერები ავტომობილის მოვლის ხარისხის შეფასებაში ეხმარება მყიდველს.
  • მაღალი ნდობა მომხმარებლებს შორის – Carfax წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სანდო პლატფორმად ჩამოყალიბდა.

Carfax-ის სუსტი მხარეები

მიუხედავად ძლიერი რეპუტაციისა, Carfax-ს გარკვეული შეზღუდვებიც აქვს, რაც მყიდველებმა უნდა გაითვალისწინონ:

  • ანგარიშები შედარებით ძვირია სხვა VIN შემოწმების პლატფორმებთან შედარებით.
  • ყველა ავარია არ ფიქსირდება – თუ ავტომობილი კერძოდ შეკეთდა ან დაზიანება სადაზღვევო/ოფიციალურ სისტემაში არ მოხვდა, ინფორმაცია ანგარიშში შესაძლოა საერთოდ არ გამოჩნდეს.
  • მონაცემების განახლება ზოგჯერ გვიანდება, რის გამოც ახალი ავარიები, Title ცვლილებები ან აუქციონის აქტივობა ანგარიშში მაშინვე არ აისახება.
  • შესაძლოა არ ჩანდეს აუქციონთან დაკავშირებული ზოგი დაზიანება, განსაკუთრებით იმ ავტომობილებზე, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაიყიდა ამერიკულ სადაზღვევო აუქციონებზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სუფთა Carfax ავტომატურად არ ნიშნავს უპრობლემო ავტომობილს. მეორადი მანქანის შეძენამდე ანგარიშს ყოველთვის უნდა ერთვოდეს პროფესიონალური დიაგნოსტიკა და დამატებითი შემოწმება.

AutoCheck – პოპულარული აუქციონის მყიდველებსა და დილერებში

AutoCheck ავტომობილის ისტორიის კიდევ ერთი მსხვილი პლატფორმაა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ავტოდილერებში, გადამყვიდველებსა და იმ მყიდველებში, რომლებიც ავტომობილებს რეგულარულად ყიდულობენ აუქციონებიდან.

Carfax-ისგან განსხვავებით, AutoCheck ინტეგრირებულია ამერიკული ავტო აუქციონების ბევრ სისტემაში, რის გამოც პროფესიონალი მყიდველები მას ხშირად იყენებენ ბიდინგამდე ავტომობილის შესამოწმებლად. პლატფორმა ცნობილია აუქციონის ისტორიაზე, Title სტატუსზე, გარბენის ჩანაწერებსა და მფლობელების ინფორმაციაზე სწრაფი წვდომით.

AutoCheck-ის ერთ-ერთი უნიკალური ფუნქციაა მისი შეფასების სისტემა, რომელიც ავტომობილის ისტორიასა და მდგომარეობას ბაზარზე არსებულ მსგავს მოდელებს ადარებს. ბევრი მყიდველი ამ ქულას იყენებს, როგორც სწრაფ გზას პოტენციური რისკების შესაფასებლად სრული ანგარიშის ნახვამდე.

აუქციონებთან ძლიერი ინტეგრაციისა და დილერებზე მორგებული ხელსაწყოების გამო, AutoCheck ხშირად უპირატეს არჩევანად ითვლება ისეთი პლატფორმებიდან ავტომობილის ყიდვისას, როგორიცაა Copart და IAAI.

რით გამოირჩევა AutoCheck

AutoCheck განსაკუთრებით პოპულარულია ავტოდილერებსა და პროფესიონალ აუქციონის მყიდველებში, რადგან ეს პლატფორმა დიდ ყურადღება ამახვილებს აუქციონისა და გადაყიდვის მონაცემებზე.

მისი მთავარი ძლიერი მხარეებია:

  • აუქციონის დეტალური ისტორია – AutoCheck ფართოდ არის დაკავშირებული ამერიკულ აუქციონის სისტემებთან, რაც აუქციონის ისტორიისა და გაყიდვების აქტივობის გადამოწმებას ამარტივებს.
  • ქულებზე დაფუძნებული შეფასების სისტემა – პლატფორმა აჩვენებს AutoCheck Score-ს, რომელიც ავტომობილს მსგავს მოდელებს ადარებს და მყიდველს რისკების სწრაფად შეფასებაში ეხმარება.
  • ზოგ შემთხვევაში ავარიების უფრო სწრაფი ასახვა – გარკვეული აუქციონისა და დილერული ინციდენტები AutoCheck-ზე შესაძლოა უფრო ადრე გამოჩნდეს, ვიდრე სხვა პლატფორმებზე.
  • აქტიური გამოყენება დილერებისა და საცალო მომხმარებლების მიერ – ბევრი პროფესიონალი მყიდველი ყოველდღიურად იყენებს AutoCheck-ს ავტომობილების დიდი რაოდენობის შესაფასებლად.

დილერებზე ორიენტირებული ფუნქციებისა და აუქციონებთან ძლიერი ინტეგრაციის გამო, AutoCheck ხშირად უპირატეს არჩევანს წარმოადგენს იმ მყიდველებისთვის, რომლებსაც ბევრი ავტომობილის სწრაფად და ეფექტურად შეფასება სჭირდებათ.

AutoCheck vs Carfax

 

კატეგორია AutoCheck Carfax
ფასი Usually more affordable, especially for multiple reports Often more expensive
მონაცემების სიზუსტე Strong auction and wholesale data Strong maintenance and ownership history
სერვისის ისტორია More limited service history Better maintenance and service records
აუქციონის მონაცემები Very strong auction integration Good, but sometimes less detailed for auctions
ინტერფეისი Simpler, dealer-focused layout More polished and beginner-friendly
გამოყენების ინტენსივობა Popular among wholesalers and auction buyers Widely used by dealerships and consumers

Carfax-ს ყოველდღიური მყიდველები ხშირად ანიჭებენ უპირატესობას მისი მარტივად გასაგები ანგარიშებისა და დეტალური სერვის ისტორიის გამო. AutoCheck კი უფრო პოპულარულია დილერებსა და აუქციონის პროფესიონალ მყიდველებში, რადგან უკეთ მუშაობს აუქციონის მონაცემებთან და უფრო ხელმისაწვდომია დიდი რაოდენობით ანგარიშების გამოყენებისას.

გამოცდილი მყიდველები, როგორც წესი, ამ ორ პლატფორმას ერთად იყენებენ, რათა ავტომობილის ისტორიის შესახებ უფრო სრული სურათი მიიღონ.

NMVTIS – ოფიციალური, სახელმწიფო ბაზასთან დაკავშირებული სისტემა

NMVTIS, ანუ National Motor Vehicle Title Information System, ამერიკის ოფიციალურ სახელმწიფო სისტემასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზაა, რომელიც შექმნილია ავტომობილებთან დაკავშირებული თაღლითობის შესამცირებლად და Title ინფორმაციის გამჭვირვალობის გასაზრდელად.

სისტემა ინფორმაციას აგროვებს შტატების DMV-ებიდან, სადაზღვევო კომპანიებიდან, Salvage ავტოპარკებიდან, Junk იარდებიდან და auto recyclers კომპანიებიდან. მისი მთავარი მიზანია ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების დაფიქსირება, როგორიცაა Salvage სტატუსის მინიჭება, სრული დანაკარგის (Total Loss) ჩანაწერები, Junk სტატუსი და გარბენის მონაცემები.

ბევრი ავტომობილის ისტორიის პლატფორმა საკუთარ ანგარიშებში NMVTIS-ის მონაცემებს იყენებს, რადგან ის ოფიციალურად დადასტურებულ Title ინფორმაციას მოიცავს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფო და სადაზღვევო ბაზებს. სწორედ ამიტომ, სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ავტომობილების გამოსავლენად, რომლებიც ადრე გამოცხადებული იყო სრულ დანაკარგად, მძიმედ დაზიანებულად ან სამართლებრივად კლასიფიცირებული იყო როგორც Salvage ან Junk ავტომობილი.

მიუხედავად იმისა, რომ NMVTIS-ის ანგარიშები, როგორც წესი, უფრო მარტივია, ვიდრე Carfax ან AutoCheck, ეს ბაზა მაინც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ ითვლება ამერიკაში ოფიციალური Title ისტორიის გადასამოწმებლად.

რას აკონტროლებს რეალურად NMVTIS

NMVTIS ძირითადად ავტომობილის ოფიციალურ Title და დაზიანებასთან დაკავშირებულ ჩანაწერებზეა ფოკუსირებული. სისტემა აკონტროლებს:

  • Title ისტორიას
  • Salvage სტატუსს
  • Junk ავტომობილის ჩანაწერებს
  • სადაზღვევო კომპანიის Total Loss ანგარიშებს
  • გარბენის მონაცემებს

რადგან სისტემა ინფორმაციას პირდაპირ შტატების DMV-ებიდან, სადაზღვევო კომპანიებიდან, Salvage იარდებიდან და ავტორეციკლირების კომპანიებიდან იღებს, ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ ითვლება ავტომობილის სამართლებრივი Title სტატუსის გადასამოწმებლად.

ბევრი კომერციული VIN შემოწმების პლატფორმა, მათ შორის Carfax და AutoCheck, ნაწილობრივ სწორედ NMVTIS-ის მონაცემებს ეყრდნობა საკუთარი ანგარიშების შედგენისას.

რატომ არის NMVTIS განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დაზიანებული ავტომობილების მყიდველებისთვის

NMVTIS განსაკუთრებით ღირებულია იმ მყიდველებისთვის, რომლებიც ამერიკული აუქციონებიდან დაზიანებულ ან აღდგენად ავტომობილებს ყიდულობენ. ამ ბაზარზე Title თაღლითობა და დამალული დაზიანებების ისტორია ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია, რაც პირდაპირ მოქმედებს როგორც უსაფრთხოებაზე, ისე ავტომობილის შემდგომ გაყიდვით ღირებულებაზე.

შესაძლოა ავტომობილი აღდგენილი და ვიზუალურად გამართული ჩანდეს, თუმცა NMVTIS-ის ჩანაწერებმა მაინც აჩვენოს, იყო თუ არა ის ადრე გამოცხადებული Salvage, Total Loss ან Junk ავტომობილად სადაზღვევო კომპანიის მიერ. ეს მყიდველს საშუალებას აძლევს უკეთ გაიგოს მანქანის რეალური მდგომარეობა და სამართლებრივი ისტორია შეძენამდე.

აუქციონის მყიდველებისთვის Title სტატუსის გადამოწმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ზოგი ავტომობილი იყიდება ისე, რომ მძიმე წარსული დაზიანებები სრულად არ არის გამჟღავნებული. NMVTIS ამ რისკს ამცირებს, რადგან უზრუნველყოფს წვდომას ოფიციალურ Title მონაცემებზე, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო და სადაზღვევო ბაზებთან.

აუქციონის ავტომობილებისთვის საუკეთესო VIN შემოწმების პლატფორმები

ამერიკული აუქციონებიდან გაყიდული ავტომობილები, როგორც წესი, ბევრად უფრო სიღრმისეულ შემოწმებას საჭიროებს, ვიდრე ტრადიციული დილერებისგან შეძენილი მანქანები. აუქციონზე მოხვედრილი ბევრი ავტომობილი დაკავშირებულია სადაზღვევო შემთხვევებთან, ბანკის მიერ ჩამორთმევასთან (Repossession), წყლით დაზიანებასთან ან Salvage სტატუსთან, რის გამოც VIN ისტორიის გადამოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეძენამდე.

დილერებისგან განსხვავებით, აუქციონის ლისტინგები ხშირად შეზღუდულ ინფორმაციას შეიცავს და მხოლოდ ფოტოებით ავტომობილის სრული ისტორიის დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ისეთი პლატფორმებიდან ავტომობილის იმპორტისას, როგორიცაა Copart და IAAI, მყიდველები ხშირად რამდენიმე VIN შემოწმების სერვისს ერთად იყენებენ ავტომობილის რეალური ისტორიის დასადასტურებლად.

აუქციონის ავტომობილებისთვის ყველაზე პოპულარული VIN პლატფორმებია:

  • Carfax – სანდოა მფლობელების ისტორიის, სერვისისა და ავარიების მონაცემებისთვის
  • AutoCheck – ფართოდ გამოიყენება დილერებისა და აუქციონის მყიდველების მიერ
  • NMVTIS – მნიშვნელოვანია ოფიციალური Salvage და Title ჩანაწერებისთვის
  • აუქციონზე ორიენტირებული VIN პლატფორმები, როგორიცაა BidFax, Stat.VIN და VestiCar, რომლებიც სპეციალიზდებიან აუქციონის ფოტოებში, დაზიანების ისტორიაში, განმეორებით ლისტინგებში და საბოლოო გაყიდვის ფასებში Copart-იდან და IAAI-დან.

გამოცდილი იმპორტიორები ხშირად რამდენიმე პლატფორმას ადარებენ ერთმანეთს, რადგან არც ერთი VIN სერვისი არ ფლობს ყველა ხელმისაწვდომ ჩანაწერს.

Copart VIN შემოწმების ხელსაწყოები

Copart-ის ლისტინგები მყიდველებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის ავტომობილის შესახებ ბიდინგამდე ან იმპორტამდე.

Copart-ის სტანდარტული ლისტინგი შეიძლება მოიცავდეს:

  • დაზიანების ტიპს
  • აუქციონის ფოტოებს
  • გაყიდვების ისტორიას
  • გამყიდველის ტიპს (სადაზღვევო კომპანია, დილერი, გაქირავების კომპანია და სხვა)
  • სავარაუდო შეკეთების ხარჯებს
  • Run & Drive სტატუსს

Copart-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა რეალურ აუქციონის ფოტოებზე წვდომაა, რომლებიც ხშირად ავტომობილს შეკეთებამდე მდგომარეობაში აჩვენებს. ეს მყიდველს ეხმარება უკეთ გაიგოს დაზიანების რეალური მასშტაბი და არ დაეყრდნოს მხოლოდ შემდგომ გადაყიდვაში გამოყენებულ აღწერებს.

პლატფორმა ასევე ხელსაყრელია იმის დასადგენად, უკავშირდება თუ არა ავტომობილი სადაზღვევო Total Loss შემთხვევას, წყლით დაზიანებას, ბანკის მიერ ჩამორთმევას ან სხვა აუქციონის წყაროს.

თუმცა, Copart-ის ლისტინგებსაც აქვს შეზღუდვები. დაზიანების აღწერები ზოგჯერ არასრულია, შეკეთების სავარაუდო ღირებულება ყოველთვის ზუსტი არ არის და ყველა მექანიკური ან სტრუქტურული პრობლემა ფოტოებში არ ჩანს. სწორედ ამიტომ, გამოცდილი მყიდველები Copart-ის მონაცემებს ხშირად აერთიანებენ სრულ VIN ანგარიშებთან, როგორიცაა Carfax ან AutoCheck.

IAAI – ავტომობილის ინფორმაცია და აუქციონის ისტორია

IAAI-ის ლისტინგებიც მყიდველებს აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავტომობილის მდგომარეობისა და აუქციონის ისტორიის შესახებ.

IAAI-ის ინფორმაცია ხშირად მოიცავს:

  • დაზიანების ტიპს
  • აუქციონის ფოტოებს
  • ავტომობილის მდგომარეობის აღწერას
  • გამყიდველის ინფორმაციას
  • Title სტატუსს
  • გარბენის მონაცემებს
  • Run & Drive სტატუსს

რადგან IAAI-ზე ბევრი ავტომობილი სადაზღვევო კომპანიებიდან ხვდება, პლატფორმა განსაკუთრებით გამოსადეგია Salvage ავტომობილების, Total Loss შემთხვევებისა და აღდგენადი მანქანების გამოსავლენად.

IAAI-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა შეკეთებამდე გადაღებულ ფოტოებსა და მდგომარეობის ინფორმაციაზე წვდომა. თუმცა, როგორც სხვა აუქციონის პლატფორმებზე, აქაც შესაძლოა ლისტინგმა სრულად ვერ აჩვენოს დამალული მექანიკური ან სტრუქტურული პრობლემები.

ამ მიზეზით, ბევრი მყიდველი IAAI-ის მონაცემებს აერთიანებს Carfax-ისა და AutoCheck-ის ანგარიშებთან, რათა მიიღოს უფრო სრული ინფორმაცია ავარიების ისტორიაზე, მფლობელებზე, გარბენზე და სერვის ისტორიაზე.

ბიდინგის ისტორია და ძველი აუქციონის ფოტოები

ძველი აუქციონის ფოტოები ხშირად ისეთ დეტალებს აჩვენებს ავტომობილზე, რომლებიც შეკეთების ან გადაყიდვის მომზადების შემდეგ უკვე აღარ ჩანს. ამერიკული აუქციონებიდან ავტომობილის იმპორტისას, ეს ფოტოები ხშირად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მანქანის თავდაპირველი მდგომარეობის გასაგებად.

ზოგიერთი მესამე მხარის VIN პლატფორმა ინახავს ავტომობილის ძველ აუქციონის ფოტოებსა და ლისტინგებს ისეთი საიტებიდან, როგორიცაა Copart და IAAI. ეს მყიდველს საშუალებას აძლევს ნახოს:

  • რამდენჯერ გაიყიდა ავტომობილი აუქციონზე
  • დაბრუნდა თუ არა ხელახლა გაყიდვაზე წარუმატებელი შეკეთების შემდეგ
  • ჰქონდა თუ არა წარსულში უფრო მძიმე დაზიანება, ვიდრე მიმდინარე ლისტინგში ჩანს

ძველი ფოტოები ასევე ეხმარება მყიდველს გამოავლინოს:

  • განმეორებითი ავარიები
  • დამალული სტრუქტურული დაზიანებები
  • კოსმეტიკური აღდგენა
  • წყლით დაზიანება
  • აირბაგების გახსნა
  • წინა გაყიდვების დროს დაკარგული ნაწილები

ხშირ შემთხვევაში, ძველი აუქციონის ფოტოების შედარება ავტომობილის მიმდინარე მდგომარეობასთან მყიდველს ეხმარება ისეთი შეკეთებებისა და შეუსაბამობების აღმოჩენაში, რომელთა შემჩნევაც სხვა შემთხვევაში რთული იქნებოდა.

სხვა სასარგებლო VIN და ავტომობილის ისტორიის საიტები

გარდა ისეთი დიდი პლატფორმებისა, როგორიცაა Carfax და AutoCheck, არსებობს სხვა VIN შემოწმების ხელსაწყოებიც, რომლებიც მყიდველებს ავტომობილის ისტორიის კონკრეტული დეტალების გადამოწმებასა და დამატებითი ინფორმაციის აღმოჩენაში ეხმარება.

NICB VINCheck

NICB VINCheck უფასო ხელსაწყოა, რომელსაც National Insurance Crime Bureau უზრუნველყოფს. ის ძირითადად გამოიყენება შემდეგის შესამოწმებლად:

  • მოპარვის ჩანაწერები
  • სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებული Total Loss ისტორია

პლატფორმა გამოსადეგია სწრაფი გადამოწმებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მყიდველს სურს გაიგოს, იყო თუ არა ავტომობილი ოდესმე მოპარული ან გამოცხადებული სრულ დანაკარგად სადაზღვევო კომპანიის მიერ.

თუმცა, NICB VINCheck ბევრად უფრო შეზღუდულია, ვიდრე სრულფასოვანი ფასიანი VIN ანგარიშები. ის არ აჩვენებს:

  • დეტალურ ავარიის ისტორიას
  • სერვისისა და ტექნიკური მომსახურების ჩანაწერებს
  • მფლობელების ისტორიას
  • აუქციონის ფოტოებს
  • გარბენის მონიტორინგს.

VINCheckPro, EpicVIN, და მსგავსი პლატფორმები

ისეთი პლატფორმები, როგორიცაა EpicVIN და VINCheckPro, პოპულარული გახდა, როგორც შედარებით იაფი ალტერნატივა ტრადიციული VIN სერვისებისთვის.

ამ საიტებმა ზოგჯერ შეიძლება სასარგებლო ინფორმაცია აჩვენოს, მათ შორის:

  • აუქციონის ჩანაწერები
  • საბაზისო ავარიის ისტორია
  • Title ინფორმაცია
  • საბაზრო ღირებულების შეფასება
  • ძველი ფოტოები

ისინი ხშირად კარგია სწრაფი კვლევისთვის ან დამატებითი მონაცემების შესადარებლად. თუმცა, მყიდველებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან მონაცემთა ბაზების მოცულობა და ანგარიშების სიზუსტე პლატფორმებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. ზოგი ანგარიში შესაძლოა არასრული ან მოძველებული იყოს, განსაკუთრებით უფრო დიდ პლატფორმებთან შედარებით, როგორიცაა Carfax და AutoCheck.

მწარმოებლის Recall შემოწმების ხელსაწყოები

მყიდველებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ავტომწარმოებლების ოფიციალური საიტები ან National Highway Traffic Safety Administration-ის Recall მონაცემთა ბაზა VIN კოდის საშუალებით აქტიური Recall-ების შესამოწმებლად.

Recall ნიშნავს შემთხვევას, როდესაც ავტომწარმოებელი ავტომობილში აღმოაჩენს ქარხნულ ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემას და ოფიციალურად აცხადებს მის უფასო შეკეთებას ან გამოსწორებას.

National Highway Traffic Safety Administration Recall Lookup მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაამოწმონ, აქვს თუ არა ავტომობილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღია Recall-ები, რომლებიც ჯერ კიდევ საჭიროებს შეკეთებას.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოუგვარებელმა Recall-ებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს:

  • ავტომობილის უსაფრთხოებაზე
  • სანდოობაზე
  • ზოგ შემთხვევაში კი მის გაყიდვით ღირებულებაზეც.

რომელი VIN შემოწმების პლატფორმაა საუკეთესო სხვადასხვა ტიპის მყიდველისთვის?

სხვადასხვა VIN პლატფორმა სხვადასხვა ტიპის მყიდველისთვისაა გამოსადეგი. საუკეთესო არჩევანი ხშირად დამოკიდებულია მყიდველის გამოცდილებაზე, ავტომობილის წყაროზე და იმაზე, რამდენად სიღრმისეული შემოწმებაა საჭირო.

საუკეთესო არჩევანი დამწყები მყიდველებისთვის

გამოუცდელი მყიდველებისთვის Carfax, როგორც წესი, ყველაზე მარტივი და უსაფრთხო ვარიანტია.

Carfax გვთავაზობს მარტივად გასაგებ ანგარიშებს, სადაც ნათლად ჩანს ავარიის ისტორია, მფლობელების ჩანაწერები, გარბენის ინფორმაცია და ტექნიკური მომსახურების ისტორია. მისი მომხმარებელზე მორგებული ფორმატი დამწყებ მყიდველებს ეხმარება ავტომობილის შეძენამდე პოტენციური რისკების უკეთ შეფასებაში.

საუკეთესო VIN პლატფორმა აუქციონიდან იმპორტირებული ავტომობილებისთვის

იმ მყიდველებისთვის, რომლებიც ავტომობილებს ამერიკული აუქციონებიდან იწერენ, ყველაზე უსაფრთხო მიდგომა რამდენიმე პლატფორმის ერთდროულად გამოყენებაა.

ისეთი აუქციონის საიტები, როგორიცაა Copart და IAAI, აჩვენებს მნიშვნელოვან დეტალებს – აუქციონის ფოტოებს, დაზიანების ტიპს და გამყიდველის ინფორმაციას. ხოლო AutoCheck და Carfax ეხმარება მყიდველს გადაამოწმოს Title ისტორია, ავარიების ჩანაწერები და გარბენის მონაცემები.

აუქციონის ისტორიისა და სრული VIN ანგარიშების ერთად გამოყენება მყიდველს ბევრად უფრო სრულ წარმოდგენას აძლევს ავტომობილის რეალურ მდგომარეობაზე იმპორტამდე.

საუკეთესო უფასო VIN შემოწმების ვარიანტი

უფასო VIN ხელსაწყოები ყველაზე მეტად გამოსადეგია თავდაპირველი გადამოწმებისთვის და არა ავტომობილის სრული ისტორიის დასადასტურებლად.

NICB VINCheck და NMVTIS მომხმარებლებს უფასოდ ეხმარება გადაამოწმონ:

  • მოპარვის ისტორია
  • Salvage სტატუსი
  • სადაზღვევო Total Loss შემთხვევები

თუმცა, მყიდველებს რეალისტური მოლოდინი უნდა ჰქონდეთ – უფასო პლატფორმები, როგორც წესი, არ აჩვენებს:

  • დეტალურ ავარიის ისტორიას
  • სერვის ჩანაწერებს
  • მფლობელების სრულ ისტორიას
  • აუქციონის ფოტოებს.

საუკეთესო პროფესიონალური დონის VIN პლატფორმები

პროფესიონალი მყიდველები, ავტოდილერები, ექსპორტიორები და გადამყიდველები ხშირად უპირატესობას AutoCheck-ს ანიჭებენ მისი ძლიერი აუქციონის ინტეგრაციის, დილერებზე მორგებული ხელსაწყოებისა და მრავალ ანგარიშზე წვდომის გამო.

ბევრი პროფესიონალი დამატებით იყენებს სპეციალიზებულ აუქციონის ისტორიის პლატფორმებსაც, რათა გადაამოწმოს:

  • ავტომობილის წინა აუქციონის ლისტინგები
  • დაზიანების ისტორია
  • ბიდინგის აქტივობა
  • ძველი აუქციონის ფოტოები ისეთი პლატფორმებიდან, როგორიცაა Copart და IAAI.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ავტომობილის ისტორიის ანგარიშში

ავტომობილის ისტორიის ანგარიში მხოლოდ მაშინ არის ნამდვილად სასარგებლო, თუ მყიდველმა იცის, სწორად როგორ წაიკითხოს და შეაფასოს ინფორმაცია. გარკვეული ასპექტები შეიძლება მიანიშნებდეს სერიოზულ ფარულ პრობლემებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ავტომობილის უსაფრთხოებაზე, სანდოობასა და შემდგომ გადაყიდვის ღირებულებაზე.

Title Washing და შტატებს შორის გადაფორმება

Title Washing ეწოდება პროცესს, როდესაც ავტომობილს სხვადასხვა შტატში არეგისტრირებენ იმისთვის, რომ დამალონ მისი Salvage ან დაზიანების ისტორია.

რადგან ამერიკის შტატებში Title კანონები განსხვავდება, მძიმედ დაზიანებულ ავტომობილს ზოგჯერ სხვა შტატში გადაფორმების შემდეგ შედარებით “სუფთა” Title შეიძლება მიენიჭოს. მყიდველებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საეჭვო რეგისტრაციის ცვლილებებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტომობილი მოკლე დროში რამდენიმე შტატში გადადის.

აუქციონზე მრავალჯერადი გაყიდვა

თუ ავტომობილი აუქციონზე რამდენჯერმე ჩნდება, ეს ხშირად მიუთითებს მოუგვარებელ მექანიკურ, ელექტრო ან სტრუქტურულ პრობლემებზე.

მრავალჯერადი რელისტინგი შეიძლება ნიშნავდეს, რომ წინა მყიდველებმა ავტომობილი შეამოწმეს და საბოლოოდ ყიდვაზე უარი თქვეს, ან შეკეთება წარუმატებელი აღმოჩნდა. ძველი აუქციონის ჩანაწერები და ფოტოები მყიდველს ამ ტიპის საეჭვო ისტორიების აღმოჩენაში ეხმარება.

გარბენის შეუსაბამობები

ავტომობილის ისტორიის ანგარიშები ასევე შეიძლება აჩვენებდეს გარბენის შეცვლის ნიშნებს.

ყველაზე გავრცელებული საეჭვო ნიშნებია:

  • გარბენის მოულოდნელი შემცირება
  • განსხვავებული ოდომეტრის მონაცემები რეგისტრაციებსა და სერვის ჩანაწერებს შორის
  • ავტომობილის ასაკთან შედარებით არაბუნებრივად დაბალი გარბენი.

ასეთი შეუსაბამობები ხშირად მიუთითებს, რომ გარბენი შეცვლილია ავტომობილის საბაზრო ღირებულების ხელოვნურად გასაზრდელად.

აირბაგებისა და სტრუქტურული დაზიანების ნიშნები

სტრუქტურული დაზიანება, როგორც წესი, ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე კოსმეტიკური, რადგან ის პირდაპირ მოქმედებს ავტომობილის უსაფრთხოებასა და მართვის სტაბილურობაზე.

თუ ანგარიშში ჩანს:

  • Frame Damage
  • სტრუქტურული შეკეთება
  • აირბაგების გახსნა

მყიდველმა ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ყურადღებით უნდა გადაამოწმოს.

გახსნილი აირბაგები ხშირად მნიშვნელოვნად ზრდის შეკეთების ხარჯს, ხოლო არასრულფასოვნად აღდგენილი სტრუქტურული დაზიანება შესაძლოა ავტომობილის უსაფრთხოებისთვის საზიანოდ დარჩეს, მაშინაც კი, თუ ვიზუალურად მანქანა სრულად გამართული ჩანს.

შეიძლება თუ არა ენდოთ ავტომობილს, რომელსაც “სუფთა” ისტორიის ანგარიში აქვს?

სუფთა ავტომობილის ისტორიის ანგარიში (Clean Title) ნამდვილად სასარგებლოა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ავტომობილი სრულად უპრობლემოა. VIN ანგარიშები მხოლოდ იმ ინფორმაციას აჩვენებს, რომელიც ოფიციალურად დაფიქსირდა სადაზღვევო კომპანიებში, სახელმწიფო ბაზებში, აუქციონებზე, სერვის ცენტრებში ან სხვა დაკავშირებულ სისტემებში.

ხშირ შემთხვევაში, ავარიები და შეკეთებები ოფიციალურად საერთოდ არ ფიქსირდება. ზოგი მფლობელი დაზიანებას კერძოდ არემონტებს, ხოლო გარკვეული ტიპის პრობლემები შესაძლოა არც Carfax-ში და არც AutoCheck-ში არ გამოჩნდეს.

სწორედ ამიტომ, მყიდველებმა VIN ანგარიშები უნდა განიხილონ, როგორც მნიშვნელოვანი კვლევის ინსტრუმენტი – და არა აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ ავტომობილს ფარული პრობლემები არ აქვს.

რატომ არის ტექნიკური შემოწმება მაინც აუცილებელი

ავტომობილის ისტორიის გადამოწმების შემდეგაც კი, პროფესიონალური დიაგნოსტიკა ყიდვის პროცესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად რჩება.

გამოცდილ მექანიკოსს შეუძლია აღმოაჩინოს:

  • დამალული სტრუქტურული შეკეთებები
  • უხარისხოდ შესრულებული აღდგენა
  • სავალი ნაწილის დაზიანება
  • ელექტრო სისტემის პრობლემები
  • სითხეების გაჟონვა
  • წყლით დაზიანების ნიშნები

ეს პრობლემები VIN ანგარიშში ყოველთვის არ ჩანს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აუქციონიდან იმპორტირებული ავტომობილებისთვის, სადაც კოსმეტიკური აღდგენა ზოგჯერ უფრო სერიოზულ პრობლემებს ფარავს.

VIN ანგარიშების, აუქციონის ფოტოების და დიაგნოსტიკის ერთად გამოყენება

ყველაზე უსაფრთხო მიდგომაა ავტომობილის შეძენამდე რამდენიმე სხვადასხვა გადამოწმების მეთოდის კომბინაცია:

  • VIN ისტორიის ანგარიშები
  • ძველი აუქციონის ფოტოები
  • OBD დიაგნოსტიკა
  • პროფესიონალი მექანიკოსის შემოწმება
  • ტრანსპორტირებისა და შეკეთების ხარჯების შეფასება

ამ ყველაფრის ერთად გამოყენება მყიდველს ბევრად უფრო სრულ წარმოდგენას აძლევს ავტომობილის რეალურ მდგომარეობაზე, საბოლოო ინვესტიციის ღირებულებასა და შესაძლო რისკებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

დასკვნა: როგორ გადაამოწმოთ შეძენამდე მეორადი ავტომობილი ყველაზე უსაფრთხოდ 

მეორადი ავტომობილის შეძენა, განსაკუთრებით ამერიკული აუქციონიდან ყიდვის შემთხვევაში, მხოლოდ ფოტოებისა და გამყიდველის აღწერის ნახვას არ ნიშნავს. VIN ანგარიშები, აუქციონის ისტორია, Title ჩანაწერები და პროფესიონალური დიაგნოსტიკა – ყველაფერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ავტომობილის რეალური მდგომარეობის სწორად შეფასებაში შეძენამდე.

არც ერთი VIN პლატფორმა არ ფლობს ყველა შესაძლო ჩანაწერს, ამიტომ გამოცდილი მყიდველები ინფორმაციას ხშირად რამდენიმე წყაროდან ადარებენ და მხოლოდ ერთ ანგარიშს არ ეყრდნობიან. ისეთი სერვისების კომბინაცია, როგორიცაა Carfax, AutoCheck, აუქციონის ჩანაწერები, ძველი ფოტოები და მექანიკოსის დიაგნოსტიკა, მნიშვნელოვნად ამცირებს ფარული პრობლემების მქონე ავტომობილის შეძენის რისკს.

ავტომობილის ისტორიის სწორად გადამოწმება მყიდველს ეხმარება თავიდან აიცილოს ისეთი ძვირადღირებული შეცდომები, რომლებიც დაკავშირებულია:

  • წყლით დაზიანებასთან
  • Salvage სტატუსთან
  • გარბენის გაყალბებასთან
  • სტრუქტურულ დაზიანებებთან
  • მოუგვარებელ მექანიკურ პრობლემებთან.

ამერიკიდან ავტომობილების იმპორტის შემთხვევაში, ბევრი ავტოიმპორტის კომპანია მომხმარებლებს დამატებით ეხმარება VIN ანგარიშების, აუქციონის ისტორიისა და ავტომობილის მდგომარეობის შეფასებაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც მყიდველს უფრო უსაფრთხო და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.

Table of Contents